
და ვიხილე, რამეთუ აღაღო კრავმან მან ერთი შჳდთა მათ ბეჭედთაგანი, და მესმა ერთისა ცხოველთა მათგანისაჲ, რომელი იტყოდა, ვითარცა ჴმითა ქუხილისაჲთა, ვითარმედ: მოვედ და იხილე.

და აჰა ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა მშჳლდი. და მიეცა მას გჳრგჳნი, და განვიდა ძლევითა და სძლოსცა.

და რაჟამს აღაღო მეორჱ ბეჭედი, მესმა მეორისა მის ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა, ვითარმედ: მოედ!

და გამოვიდა სხუაჲ ცხენი წითელი, და მჯდომარესა მას ზედა მიეცა აღებად მშჳდობაჲ ქუეყანით, რაჲთა ერთმანერთი მოსწყჳდონ, და მიეცა მას მახჳლი დიდი.

და რაჟამს აღაღო მესამჱ ბეჭედი, მესმა მესამისა მის ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე. და აჰა ცხენი შავი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა ჴელთა მისთა უღელი.

და მესმა ჴმაჲ შორის ოთხთა მათ ცხოველთაჲსა, რომელი იტყოდა: სამადგანი იფქლი დრაჰკნის, და სამი სამადგანი ქერი დრაჰკნის, და ღჳნოსა და ზეთსა ნუ ავნებ.

და რაჟამს აღაღო მეოთხჱ ბეჭედი, მესმა მეოთხისა ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე,

და აჰა ცხენი მწუანჱ, და მჯდომარესა მას ზედა სახელი მისი სიკუდილი; და ჯოჯოხეთი შეუდგა მას, და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ მეოთხედსა ზედა ქუეყანისასა მოსრვად მათდა მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა და მჴეცთა მიერ ქუეყანისათა.

და რაჟამს აღაღო მეხუთჱ ბეჭედი, ვიხილენ საკურთხეველსა ქუეშე სულნი იგი მკუდართანი სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს კრავისა მის, რომელ აქუნდა.

და ჴმა-ყვეს ჴმითა დიდითა და თქუეს: ვიდრემდის, მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო, არა შჯი სისხლსა ჩუენსა მკჳდრთაგან ქუეყანისათა?

და მიეცა მათ სამოსლები სპეტაკები, და ითქუა მათდა მიმართ, რაჲთა განისუენონ მცირედ ჟამღა, ვიდრემდის აღესრულნენ მათ თანა მონანი და ძმანი მათნი და რომელთა ეგულებოდა სიკუდილი, ვითარცა მათ.

და ვიხილე, რაჟამს აღაღო მეექუსჱ ბეჭედი, და ძრვაჲ იქმნა დიდი, და მზჱ შავ იქმნა, ვითარცა ძაძაჲ ბალნისაჲ, და მთოვარჱ ყოვლითურთ იქმნა, ვითარცა სისხლი.

და ვარსკულავნი ცისანი გარდამოცჳვეს ქუეყანად, ვითარცა ლეღუმან რაჲ დაყარის ყუავილი თჳსი, ქარისაგან დიდისა შერყეულმან.

და ცაჲ წარიგრაგნა, ვითარცა წიგნი წარგრაგნილი. და ყოველნი მთანი და ბორცუნი ადგილთა თჳსთაგან შეიძრნეს.

და მეფეთა ქუეყანისათა და მთავართა და ათასისთავთა და მდიდართა და ძლიერთა და ყოველმან მონამან და აზნაურმან დამალნეს თავნი მათნი ქუაბთა შინა და კლდეთა შინა მთათასა.

და ეტყოდეს მთათა და კლდეთა: დამეცენით ჩუენ ზედა და დაგუფარენით ჩუენ პირისაგან საყდართა ზედა მჯდომარისა და რისხვისაგან კრავისა.

რამეთუ მოვიდა დღჱ იგი დიდი რისხვისა მისისაჲ და ვინ შემძლებელ არს დადგომად?