მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა
და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.
რამეთუ ესე არს, რომლისათჳს-იგი ითქუა ესაია წინაწარმეტყუელისა მიერ და იტყოდა: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ-ყვენით ალაგნი მისნი.
ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური.
მაშინ განვიდოდეს მისა იერუსალჱმელნი ყოველნი და ჰურიასტანისანი და გარემოსოფლები იორდანისაჲ.
და ნათელ-იღებდეს იორდანესა მდინარისა მისგან და აღუარებდეს ცოდვათა მათთა.
და ვითარცა იხილნა ფარისეველნი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან მომავალისა რისხვისა?
ყავთ უკუე აწ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ,
და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. ხოლო ამას გეტყჳ თქუენ, ვითარმედ შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა.
რამეთუ აწვე, ესერა, ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.
აწ მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერჱს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ მე ჴამლთა მისთა ტჳრთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.
რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზჱ დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა.
მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან.
ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრჱთ ჯერ-არს აღსრულებად ჩუენდა ყოველი სიმართლჱ. მაშინ მიუშუა მას იოვანე.
და ნათელ-იღო იესუ. და რაჟამს აღმოვიდოდა წყლისა მისგან, და, აჰა, განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა.
და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.