"კაცნო ძმანო და მამანო, ისმინეთ ჩემი თქუენდა მიმართ ჩემისა ამის სიტყჳს-გებისაჲ".
მათ ვითარცა ესმა ესე, რამეთუ ებრაელებრითა სიტყჳთა ეტყოდა მათ, უფროჲს დადუმება*-სცეს. და თქუა:
"მე კაცი ვარ ჰურიაჲ, შობილი ტარსეს კილიკიაჲსასა, და განზრდილი ამას ქალაქსა შინა და აღზრდილ ფერჴთა თანა გამალიელისთა, სწავლულ ვარ ჭეშმარიტებით მამულითა შჯულითა*; მოშურნე ვიყავ ღმრთისათჳს, ვითარცა თქუენ ყოველნი ხართ დღეს.
რომელი ამასვე გზასა ვსდევნიდი ვიდრე სიკუდილადმდე, შევჰკრევდ და მივსცემდ საპყრობილესა მამათა და დედათა,
ვითარცა-ეგე მღდელთმოძღუარი მეწამების მე და ყოველნი მოხუცებულნი, რომელთაგან წიგნები მოვიღე ძმათათჳს, და დამასკედ მივიდოდე მოყვანებად მუნ მყოფთა მათ კრულთა, რაჲთა ისაჯნენ.
იყო ჩემსა მას მისლვასა და მიახლებასა დამასკედ, შოვა სამხრის, მეყსეულად ზეცით გამობრწყინდა ნათელი დიდი ჩემ ზედა.
დავვარდი ქუეყანასა და მესმა ჴმაჲ, რომელმან მრქუა მე: "საულ, საულ, რად მდევნი მე?"
მე მიუგე: "ვინ ხარ, უფალო?" მრქუა მე*: "მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი მე".
რომელნი-იგი ჩემ თანა იყვნეს, ნათელი იხილეს, ხოლო ჴმაჲ იგი* არა ესმა სიტყჳსაჲ მის ჩემდამო.
მე ვარქუ: "და რაჲ ვყო, უფალო?" ხოლო უფალმან მრქუა მე: "აღდეგ და ვედ* დამასკოდ, და მუნ გერქუნენ* შინ, რომელი ბრძანებულ არს შენდა ყოფად".
და ვითარ-იგი მე* არა ვხედევდ დიდებისა მისგან ნათლისა, ჴელის პყრობითა* თანა მყოფთა მათგან ჩემთა შევედ დამასკოდ.
ანანია ვისმე ერქუა სახელი* კაცსა ღმრთის მოშიშსა მსგავსად შჯულისა, რომელსა ეწამებოდეს ყოველნი დამკჳდრებულნი დამასკოს შინა ჰურიანი.
მოვიდა ჩემდა, ზედა მომადგა და მრქუა მე: "საულ ძმაო, აღიხილენ*". და მე მასვე* ჟამსა შინა აღვიხილენ და მივხედე* მას.
ხოლო მან თქუა: "ღმერთმან მამათა ჩუენთამან გამოგირჩია შენ ცნობად ნებისა მისისა და ხილვად მართლისა მის და სმენად ჴმაჲ პირისაგან მისისა,
რამეთუ იყო მოწამე მისა ყოველთა მიმართ კაცთა, რომელ-იგი იხილე და გესმა.
და აწ ნურას იურვი, აღდეგ, ნათელ-იღე, და განიბანენ ცოდვანი შენნი და ხადოდე სახელსა მისსა.
და იყო მოქცევასა მას ჩემსა იერუსალჱმდ და ლოცვასა შინა ჩემსა ტაძარსა მას შინა, და ვიყავ** მე განკჳრვებასა შინა
და ვიხილე უფალი და მრქუა მე: "ისწრაფე და განვედ შენ იერუსალჱმით ადრე, რამეთუ არა თავს-იდვან შენი წამებაჲ ჩემთჳს".
და მე ვთქუ: "უფალო, მათ თჳთ იციან, რამეთუ მე ვიყავ, რომელი მივსცემდ საპყრობილედ და ვსტანჯევდ შესაკრებელთა შორის მორწმუნეთა შენთა.
და რაჟამს დაითხეოდა სისხლი სტეფანჱსი, მოწამისა შენისაჲ, და მე ვიყავ ზედა მდგომელ და მცველ სამოსელსა მომკლველთა მისთასა.
და მრქუა მე: "წარვედ, რამეთუ მე ნათესავთა შორიელთა მიგავლინო შენ"".
ისმენდეს მისსა ვიდრე ამის სიტყჳსამდე, აღიღეს ჴმაჲ მათი და თქუეს: "აღიღე ქუეყანით ეგევითარი ეგე, რამეთუ არა ღირს* არს* ცხორებად".
და ვითარ ღაღადებდეს იგინი, დაყრიდეს სამოსელსა მათსა და მტუერსა აღაფქურევდეს აერსა ზე.
ბრძანა ათასისთავმან მან მიყვანებაჲ მისი ბანაკად და თქუა: "ტანჯვითა განვიკითხო ეგე, რაჲთა ვცნა, რომლისა ბრალისათჳს ესრჱთ* ჴმობენ მისთჳს".
და ვითარცა წარმოზიდვიდეს მას საბლითა, ჰრქუა პავლე ასისთავსა მას, რომელ დგა მუნ: "უკუეთუ კაცისა ჰრომისა* განუკითხველად ჯერ-არს* თქუენდა ტანჯვაჲ?"
ესმა რაჲ ესე ასისთავსა მას, ათასისთავსა მას უთხრა და ჰრქუა: "რაჲ გეგულების ყოფად, რამეთუ კაცი ესე ჰრომი არს?"
მოუჴდა ათასისთავი იგი და ჰრქუა პავლეს: "მითხარ მე*, შენ ჰრომი ხარა?" ხოლო მან ჰრქუა: "ჰე".
მიუგო ათასისთავმან მან და ჰრქუა: "მე* მრავლითა ქრთამითა პატივი ესე მოვიპოვე". ხოლო პავლე თქუა: "მე შობილვე მას შინა ვარ".
მაშინ მეყსეულად განეშორნეს მისგან, რომელთა ეგულებოდა ტანჯვაჲ მისი, და ათასისთავსა მას შეეშინა, ვითარცა გულისხმა-ყო*, რამეთუ ჰრომი არს და რამეთუ მისა იყო შევედრებულ.
ხვალისაგან უნდა გულისხმის-ყოფად* უჭეშმარიტჱსადრე*, რაჲსათჳსძი ესრჱთ შეასმენენ მას ჰურიანი იგი. განჴსნა იგი და ბრძანა მღდელთმოძღუართაჲ* მათ შეკრებაჲ და ყოვლისასა* მის კრებულისაჲ, და მოიყვანეს* პავლე და დაადგინეს* შორის მათსა.