TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 45
Previous part

Chapter: 45 
წიგნი ფატმანისა ავთანდილს თანა სამიჯნურო







Strophe: S1084/K1084 
Verse: a       დაწერა წიგნი საბრალო,   მის ყმისა მისართმეველი,
Verse: b       მისისა მიჯნურობისა,   მისთა პატიჟთა მცნეველი,
Verse: c       მისთა მსმენელთა გულისა   შემძრველი, შემარყეველი,
Verse: d    და   უსტარი შესანახავი,   არ ცუდად დასახეველი:






Strophe: S1085/K1085 
Verse: a       "ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან   მზედ სწადდი დასაბადებლად,
Verse: b       მით შეგქმნა მოშორვებულთა   ლხინად, არ ჭირთა მწადებლად,
Verse: c       ახლოს შემყრელთა დამწველად,   მათად ცეცხლისა მადებლად,
Verse: d    და   მნათობთა შენი შეხედვა   ტკბილად უჩს, დასაქადებლად.






Strophe: S1086/K1086 
Verse: a       შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი,   შენთვის საბრალოდ ბნდებიან,
Verse: b       ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი   რად არ შენ ზედა კრფებიან!
Verse: c       შენი შვენება ყვავილთა   აჭნობს, ჩემიცა* ჭნებიან,
Verse: d    და   სრულად დამწვარ ვარ, თუ მზისა   შუქნი არ მომესწრებიან.






Strophe: S1087/K1087 
Verse: a       ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი   თქვენსა ამისსა თხრობასა,
Verse: b       მაგრა რა ვირგო დღე-კრულმან,   სრულად გავჰყრივარ თმობასა,
Verse: c       გული ვერ გასძლებს ნიადაგ   შავთა წამწამთა სობასა,
Verse: d    და   თუ რას მეწევი, მეწიე,   თვარა მივჰხდები ცნობასა!






Strophe: S1088/K1088 
Verse: a       მე ვირე ამა წიგნისა   პასუხი მომივიდოდეს,
Verse: b       ვსცნობდე, გინდოდე საკლავად,   ან ჩემი რა გაგვიდოდეს,
Verse: c       მუნამდის გავსძლო სულთა დგმა,   გული რაზომცა მტკიოდეს,
Verse: d    და   სიცოცხლე, ანუ სიკვდილი   გარდმიწყდეს, ნეტარძი, ოდეს!"






Strophe: S1089/K1089 
Verse: a       ფატმან ხათუნ დაწერა და   გაუგზავნა წიგნი მისი.
Verse: b       ყმამან ასრე წაიკითხა,   და ვინმეა, ანუ თვისი;
Verse: c       თქვა: "არ იცის გული ჩემი,   ვინ მაშიკობს, ვისსა ვისი,
Verse: d    და   რომე მიმიჩს სამიჯნურო*,   რათ ვამსგავსო მე მას ისი!"






Strophe: S1090/K1090 
Verse: a       თქვა: "ყვავი ვარდსა რას აქმნევს,   ანუ რა მისი ფერია!
Verse: b       მაგრა მას ზედა ბულბულსა   ჯერთ ტკბილად არ უმღერია.
Verse: c       უმსგავსო საქმე ყოველი*   მოკლეა*, მით ოხერია.
Verse: d    და   რა უთქვამს, რა მოუჩმახავს,   რა წიგნი მოუწერია!"






Strophe: S1091/K1091 
Verse: a       ესეგვარი საზრახავი   დაუზრახა გულსა შინა;
Verse: b       მერმე იტყვის: "ჩემგან კიდე   ჩემი შემწე არავინ-ა;
Verse: c       რასათვისცა გამოჭრილ ვარ,   მისი ძებნა რათგან მინა,
Verse: d    და   რათაცა ვით ვჰპოვებ, მას ვიქმ,   გულმან სხვა-მცა რა ისმინა!






Strophe: S1092/K1092 
Verse: a       ისი დიაცი აქა ზის,   კაცთა მნახავი მრავალთა,
Verse: b       მოსადგურე და მოყვარე   მგზავრთა, ყოველგნით მავალთა;
Verse: c       მივჰყვე, მიამბობს ყველასა,   გამავალ-შემომავალთა*,
Verse: d    და   ნუთუ რა მარგოს, მე მისი   გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა".






Strophe: S1093/K1093 
Verse: a       თქვა: "დიაცსა ვინცა უყვარს,   გაექსვის და მისცემს გულსა,
Verse: b       აუგი და მოყივნება   არად შესწონს ყოლა კრულსა;
Verse: c       რაცა იცის, გაუცხადებს,   ხვაშიადსა უთხრობს სრულსა,
Verse: d    და   მიჯობს, მივჰყვე, განაღ რასმე   ვსცნობ საქმესა დამალულსა".






Strophe: S1094/K1094 
Verse: a       კვლა იტყვის: "ვერვინ ვერას იქმს,   თუ ეტლი არ მოსთმინდების;
Verse: b       მით რაცა მინდა, არა მაქვს,   მაქვს რაცა, არ მომინდების;
Verse: c       ბინდის გვარია სოფელი,   ესე თურ ამად ბინდდების,
Verse: d    და   კოკასა შიგან რაცა დგას,   იგივე წამოდინდების!"




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.