და გარდამო-რაჲ-ვიდოდა იგი მიერ მთით და მოსდევდა მას ერი მრავალი.
და, აჰა, ესერა, კეთროვანი ვინმე მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედაჲ ჩემი.
და მიყო იესუ ჴელი თჳსი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი! და მეყსეულად განწმიდნა იგი კეთროვნებისა მისგან.
და ჰრქუა მას იესუ: იხილე, ნუ ვის უთხრობ, არამედ წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელთა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათა.
და შე-რაჲ-ვიდა იგი კაფარნაუმდ, მოუჴდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას
და ეტყოდა: უფალო, მონაჲ ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღუეული და ძნიად იგუემების.
ჰრქუა მას იესუ: მე მოვიდე და განვკურნო იგი.
მიუგო ასისთავმან მან და ჰრქუა: უფალო, არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ, არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ იგი ჩემი,
რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე და მქონან ჩემ ქუეშე ერისაგანნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! -- და წარვიდის: და სხუასა: მოვედ! -- და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! -- და ქმნის.
ესმა რაჲ ესე იესუს, დაუკჳრდა და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდეს მას: ამენ გეტყჳ თქუენ: არცა ისრაჱლსა შორის ესოდენი სარწმუნოებაჲ ვპოვე.
ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალნი მზისაღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისააკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა,
ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
და ჰრქუა იესუ ასისთავსა მას: წარვედ და, ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ. და განიკურნა მონაჲ იგი მისი მას დღესა შინა. და ვითარცა მოვიდა ასისთავი იგი სახიდ თჳსა, პოვა მონაჲ იგი მისი განკურნებული მას ჟამსა შინა.
და მოვიდა იესუ სახლსა პეტრჱსსა და იხილა სიდედრი იგი მისი დავრდომილი მჴურვალებითა.
და შეახო ჴელსა მისსა, და დაუტევა იგი მჴურვალებამან, აღდგა და ჰმსახურებდა მას.
და ვითარცა შემწუხრდა, მოჰგუარეს მას ეშმაკეულები მრავალი, და განასხა სულები იგი სიტყჳთა და ყოველნი რომელნი ბოროტად სნეულ იყვნეს, განკურნნა.
რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: მან უძლურებანი ჩუენნი იტჳრთნეს და სნეულებანი ჩუენნი განკურნნეს.
ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო.
და მოუჴდა მას ერთი მწიგნობარი და ჰრქუა: მოძღუარ, მიგდევდე შენ, ვიდრეცა ხჳდოდი
ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა -- საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს.
და ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან ჰრქუა მას: მოძღუარ, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა.
ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ მომდევდი მე და აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა.
და ვითარცა აღვიდა იგი ნავსა, მისდევდეს მას მოწაფენი მისნი.
და, აჰა, ესერა, ძრვა იყო დიდ ზღუასა ზედა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა.
და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი, და აღადგინეს უფალი და ეტყოდეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით.
და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეჰშინდით, მცირედმორწმუნენო? მაშინ აღდგა და შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა. და იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ.
ხოლო კაცთა მათ უკჳრდა და იტყოდეს: რაბამ ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?
და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვითარმედ ვერვის ჴელ-ეწიფა წარსლვაჲ მიერ გზით.
და მათ ღაღად-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა.
და იყო შორს მათგან კოლტი ღორთაჲ მძოვარი.
ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა.
და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიიმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიიმართა კოლტმან მან ღორთამან კბოდესა მას ზღჳსასა და მოწყდეს იგინი წყალთა მათ შინა.
ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე ეშმაკეულთა მათთჳს.
მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუჲსა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან.