უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიჴსენ მე.
ნუსადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მჴსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ.
უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვყავ ესე, არს თუ ურჩულოებაჲ ჴელთა ჩემთა,
ანუ თუ მისა დავაგე მე ბოროტი მათ, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, უკუე გან-სამე-ვარდე მეცა მტერთა ჩემთა მიერ ცუდი;
დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს, დათრგუნოს ქუეყანასა ზედა ცხორებაჲ ჩემი და დიდებაჲ ჩემი მიწასა დაამკუიდროს.
აღდეგ, უფალო, ამაღლდი რისხვითა შენითა მოსრულებად ყოველთა მტერთა ჩემთა, განიღჳძე, უფალო ღმერთო ჩემო, ბრძანებითა მით, რომელ მამცენ ჩუენ,
და კრებული ერისაჲ გარე-მოგადგეს შენ; ამისთჳს მაღლად მოიქეც, უფალო.
უფალმან განსაჯოს ერი თჳსი. მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა შენითა და უბიწოებითა შენითა ჩემდამო.
აღესრულნენ ძჳრნი ცოდვილთა ზედა და შენ წარუმართე მართალსა, უფალო, რომელი განიკითხავს გულსა და თირკუმილთა ღმერთი მართალი.
ჭეშმარიტ არს შეწევნაჲ ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინნის წრფელნი გულითა.
ღმერთი მართალ, მსაჯულ, ძლიერ, სულგრძელ, რომელმან არა მოავლინის რისხვაჲ მისი მარადღე.
არა თუ მოიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს; მშჳლდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი;
მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი და ისარნი მისნი შემწუველად ქმნნა.
აჰა ესერა არა ძლებულ იქმნა სიცრუვით, მუცლად-იღო სალმობაჲ და შვა უშჯულოებაჲ.
ჴნარცუ თხარა, აღმოჰკუეთა, შთავარდა იგი მთხრებლსა მას, რომელცა ქმნა.
მიექცა სალმობაჲ მისი თავსა მისსა და სიცრუვე მისი თხემსა მისსა ზედა დაუჴდა.
ხოლო მე აუვარო უფალსა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა.