


შთავიდა მტილსა ჩემსა დაჲ ჩემი, სძალი! მოვწილე ზმჳრნი მიჰრონთა თანა ჩემთა და პური ჩემი თაფლით ჩემითურთ ვჭამე, ვსუ ღჳნოჲ ჩემი სძისა თანა ჩემისა. ჭამეთ, მოყუასნო, და სუთ ჩემ თანა და დაითრვენით, ძმანო ჩემნო.



რამეთუ მე მძინარე ვარ და ჰღჳძავს გულსა ჩემსა. ჴმაჲ დისწულისა ჩემისაჲ კართა ზედა ჰრეკს: განმიღე მე, მახლობელო და დაო და ტრედო ჩემო, ყოვლითურთ სრულო ჩემო! რამეთუ თავი ჩემი აღავსეს ცუართა, ხოლო თავისა თმანი ღამისა ნიჟთა.



განვიძუარცე მე შესამოსელი ჩემი, ვითარმედ კუალად გარემოვირტყა იგი? და მოვიბანენ ფერჴნი, ვითარ შევბღალნე?



დისწულმან ჩემმან შთამოყო ჴელი სარკუმლით და განჰკრთა ჩემი მუცელი ამას ზედა.



აღვდეგ განღებად დისწულისა ჩემისა, და ამით ჴელთა ჩემთა ზმირნი დასწთოდა, აღსავსე იყვნეს თითნი ჩემნი ზმჳრნითა, ვინაჲთგან ჴელი მისი მიყო კლიტეთა.



ესრეთ განუღე კარი დისწულსა ჩემსა, დისწულმან ჩემმან წარირბინა ამიერ და სულმან ჩემმან სიტყუასა თანა მისსა. ვეძიებდი მას და არა მეპოვა იგი, უწოდდი მას და არა ისმინა ჩემი.



მპოვეს მე მცველთა, ქალაქისა მომცველთა, მგუემეს და მომწყლეს და მიმიღეს თერისტრაჲ ჩემი, რომელნი მოიცვიდეს ზღუდესა.



გაფუცებ კუალად, სიონისა ასულნო, სიმტკიცეთა და ძალთა აგარაკთასა, უკუეთუ სადა ჰპოოთ დისწული ჩემი, უთხართ, ვითარმედ წყლული ვარ ტრფიალებითა.



რაჲმე არს შენი დისწული დისწულთაგან, ჵ შუენიერო დედათა შორის ფრიად? რაჲმე არს შენი დისწული დისწულთაგან, რამეთუ ესრეთ შემაფუცებ ჩუენ მისთჳს?



დისწული ჩემი რაბამ მწყაზარ და მწითურ და გამორჩეულ ბევრისბევრეულთაგან.



თავი მისი არს ოქროჲ მოფაზისაჲ, წარბნი განჭედილ ფერითა მელნისაჲთა მსგავსად ყორნისა;



და თუალნი მისნი - ტრედისანი, ურიცხუთა წყალთა აღსავსებასა ზედა განბანილ სძითა, დასხმულ მწყურნებთა ზედა,



ღაწუნი, ვითარცა ფიალნი მიჰრონთანი, ფშჳან მრავალთა ნელსაცხებელთა სულსა, ბაგენი - შროშან, დამოსწთჳს ზმჳრნი სავსე,



და ჴელნი მისნი - ოქრო წახნაგებულ და ყოვლად აღსავსე თარშისა სიკეთითა, მუცელი მისი - ფიცარი პილოჲსძულისაჲ, საპფიროვანსა ქვასა ზედა მდგომარე,



და სხჳლბარკალნი მარმარილოჲსა სუეტებრ დაფუძნებულნი ხარისხთა ოქროჲსათა, ვითარ ლიბანი რჩეული - სახე მისი, და ვითარ ნაძჳ მთისა მწუერვალთა მისთაჲ.



ჴორჴნი მისნი - ტკბილ, ყოვლითურთ გულისსათქუმელ. ესრეთ არს ჩემი დისწული დისწულთათჳს და ესრეთ ჩემი მახლობელი, ასულნო სიონისანო, და ესოდენ შუენიერ.



სადა წარვიდა დისწული შენი, დაო და შუენიერო დედათა მწყობრსა შორის? სადა წარვიდა დისწული შენი შენგან? მითხართ ჩუენ, რაჲთა მოვიძიოთ შენ თანა.